8-11 ივლისს GTP TOUR მორიგ მასშტაბურ ტურნირს გაუძღვება


8-11 ივლისს GTP TOUR მორიგ მასშტაბურ ტურნირს გაუძღვება

8-11 ივლისს GTP TOUR თბილისში, ჩოგბურთის მორიგ სამოყვარულო ტურნირს გაუწევს ორგანიზებას. 

გათამაშება სახელწოდებით Jim Beam სამი დღის მანძილზე გაგრძელდება და მასზე ყველა ასაკობრივი და სქესობრივი კატეგორია ერთ სატურნირო ბადეში იქნება გაერთიანებული.

ტურნირში მონაწილეობას 56 მოთამაშე მიიღებს და მისი საპრიზო ფონდი 3500 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 1500 ლარს მიიღებს, ფინალისტი - 800, ნახევარფინალში დამარცხებული მოთამაშეები კი 400-400 ლარს დასჯერდებიან.

თამაშების ფორმატი ასეთი იქნება: პირველი სამი წრის შეხვედრები ერთსეტიან ფორმატში გაიმართება, თუმცა სეტი არა ტრადიციულად 6-მდე, არამედ 8 მოგებულ გეიმამდე გაგრძელდება. თუ მეტოქეები სეტს 8-8 დაასრულებენ, შედგება ტაი-ბრეიკი შვიდამდე.

მეოთხედფინალური და ნახევარფინალური დაპირისპირება 2 მოგებულ სეტამდე, სტანდარტული ფორმატით გაიმართება, ანუ ექვსი გეიმის მოგებამდე, 6-6-ის შემთხვევაში კი შედგება ტაი-ბრეიკი შვიდამდე. სეტებში თანაფარდობის შემთხვევაში, გაიმართება  სუპერ ტაი-ბრეიკი 10-მდე.

რაც შეეხება ფინალს - აქ უკვე ყველაფერი ჩვეულად, ანუ 3-სეტიან ფორმატში გაიმართება.

წარმატებები ყველა მონაწილეს.