Back to TOP-20! იქ სადაც ბასილას ადგილია


Back to TOP-20! იქ სადაც ბასილას ადგილია

ინდიან უელსის მასტერსის სერიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი სასწაულებს ჩადის.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 1000-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იყო, თუმცა ბასილამ მისი ბარიერიც გადალახა.

შეხვედრა, რომელიც 2 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა 3 სეტში 6:4 2:6 6:4 მოიგო და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ამერიკის ჰარდზე საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებელ და სანახაობრივ ჩოგბურთს თამაშობს, რისი დამსახურებითაც საუკეთესო ოთხეულშიც მოახერხა გასვლა და აშკარაა, რომ ეს მისი მაქსიმუმი არ არის.

შემდეგ შეხვედრაში ბასილაშვილი ამერიკელი ტეილორ ფრიტცისა და გერმანელი ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და იმედი ვიქონიოთ, რომ ფინალში გასვლასაც მოახერხებს. 

მეორე ნახევარფინალი უკვე დაწყვილებულია - გრიგორ დიმიტროვი ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდება და ფინალში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილი ტიტულს სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთთან გაითამაშებს.

რაც არანაკლებად სასიხარულო და საამაყოა, ამ ტურნირის შედეგად ბასილაშვილი დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია - რეიტინგის ტოპ-ოცეულში. ამჟამად, ნიკა 29-ე პოზიციას იკავებს და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლით 360 ქულა უკვე განაღდებული აქვს, რაც ორშაბათიდან რეიტინგის საუკეთესო ოცეულში დაბრუნების გარანტიას იძლევა.